X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

ირაკლი ქარსელაძე ევროპის სატრანსპორტო ფორუმში მონაწილეობს

29 ივნისი 2022

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე ევროპის სატრანსპორტო ფორუმში (Connecting Europe Days 2022) მონაწილეობს.

ევროპის სატრანსპორტო (ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის -TEN-T) ფორუმი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, 28-30 ივნისს, ევროკომისიის ორგანიზებით  იმართება. 

ღონისძიების მიზანია პოლიტიკოსები, სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ინდუსტრიისა და ევროკომისიის  წარმომადგენლები გააერთიანოს მსჯელობისთვის ერთი მთავარი თემის გარშემო - ტრანსპორტისა და მობილობის როლი ევროკავშირის მიერ „ევროპული მწვანე შეთანხმებითა“ და „ჭკვიანი მობილობის სტრატეგიით“ დასახული ამოცანების მისაღწევად.

ევროპის სატრანსპორტო ფორუმის პირველი დღე დაეთმო დისკუსიას თემაზე - საავიაციო პოლიტიკა და ინდუსტრიის მიერ გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირება. სადისკუსიო პანელში მონაწილეობდნენ ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში ადინა-ლიონა ვალეანი და მსხვილი საავიაციო კომპანიების ხელმძღვანელები. დისკუსიას უძღვებოდა ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი ჰენრიკ ჰოლოლეი.

დისკუსიის მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სატრანსპორტო სისტემები გახდეს უფრო სანდო და ხელმისაწვდომი ახალი ტექნოლოგიებისა და გაზრდილი ციფრული შესაძლებლობების გამოყენებით. ასევე, ისაუბრეს საჰაერო ტრანსპორტის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების როლზე და საავიაციო კომპანიების მიერ ამ მიმართულებით სწორი პოლიტიკის შემუშავებისა და კონკრეტული ქმედებების განხორციელების აუცილებლობაზე.

ევროპის სატრანსპორტო ფორუმის ოფიციალური გახსნის ღონისძიება 29 ივნისს გაიმართება, სადაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. ირაკლი ქარსელაძე,  უკრაინისა და მოლდოვას ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სადისკუსიო პანელშიც.  დისკუსიის თემა სატრანსპორტო კავშირებზე უკრაინის ომის გავლენა და პანდემიის შემდგომი გაჯანსაღების პროცესი იქნება.